შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტყიბულში, მინდელის შახტაში 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
05.04.2018
უკან დაბრუნება
5 აპრილს დახლოებით 03:50 საათზე დასავლეთ მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში +300 ჰორიზონტზე, სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა - გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ტრავმული დაზიანება მიიღო სამმა თანამშრომელმა, ხოლო 6 თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. კომპანია „საქნახშირი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დაღუპული მეშახტეების ოჯახებს. დაშავებული მეშახტეებიდან ორი ამჟამად გადაყვანილია ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მესამე მეშახტე იმყოფება ტყიბულის საავადმყოფოში, სადაც მათ უტარდებათ ყველა აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევა და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს. თავის მხრივ, „საქნახშირი“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო“, - აღნიშნულია „საქნახშირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.