შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



1989 წლის 9 აპრილიდან 27 წელი გავიდა
09.04.2016
უკან დაბრუნება
27 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ტრაგედიიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. 9 აპრილი საბჭოთა კავშირის სივრცეში იყო უნიკალური პოლიტიკური მოვლენა, რომელმაც საბჭოთა იმპერიას საფუძველი შეურყია, თბილისის ტრაგედიის შემდეგ, იგივე განმეორდა ბაქოსა და ვილნიუსში, რაც კომუნისტური რეჟიმის დემონტაჟის დასაწყისად იქცა. 9 აპრილი იყო ქართველი ერის გმირობისა და თავისუფლების წყურვილის გამოხატულება, ტრაგედიის შემდეგ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა იტყვის: „ისტორიაში დგება დიდებული წამები, როდესაც ერთად შეკრული ქართველი ერი წარსდგება უფლის წინაშე“. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად, 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი.