გივი ჭიჭინაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების პედაგოგებს შეხვდნენ
18.04.2018
უკან დაბრუნება
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების პედაგოგებს შეხვდნენ. გივი ჭიჭინაძემ მინისტრთან ერთად განათლების სფეროში, მისი გუბერნატორობის დროს გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ დაგეგმილია პედაგოგებისათვის ხელფასის გაზრდა, ასევე შრომის ანაზღაურება გაეზრდებათ სკოლის თანამშრომლებს. გარდა ამისა, მოხდება პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება და აღნიშნული კუთხით უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. გივი ჭიჭინაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ დაწყებულია ფუნდამენტური რეფორმა სკოლის სახელმძღვანელოებთან მიმართებით, რაც გულისხმობს როგორც შინაარსობრივ დახვეწას, ასევე წიგნების ზომისა და მოცულობის სტანდარტებთან მოყვანას, რათა 1-დან 6 კლასამდე მოსწავლეებს არ შეექმნათ დისკომფორტი. შეხვედრაზე ხასი გაესვა პროფესიული კოლეჯების მნიშვნელობას. პროფესიული განათლება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ხონისა და ვანის მოსახლეობას აუცილებლად ექნება წვდომა პროფესიულ განათლებაზე. მინისტრმა მოსახლეობას და პედაგოგებს წარუდგინა რამდენიმე ქვეყნის კონკრეტული პროფესიული კოლეჯების ჩამონათვალი, რომლებიც მზად არიან, ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში და მიიღონ მსურველები საქართველოდან. პედაგოგებთან შეხვედრისას საუბარი იყო უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე - მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სამინისტროს მიზანია უმაღლესი სასწავლებელიც და პროფეისული კოლეჯებიც იყოს მხოლოდ და მხოლოდ მაღალი სტანდარტების შესაბამისი და ამ მხრივ სამინისტრო ახორციელებს მკაცრ კონტროლს.