მუნიციპალიტეტების კონკურსში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების მიმართულებით 4 გამარჯვებული დასახელდა
22.02.2018
უკან დაბრუნება
მუნიციპალიტეტების კონკურსში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების მიმართულებით 4 გამარჯვებული დასახელდა.
გაეროს ბავშვთა ფონდმა და ანტი-სტიგმა მოძრაობამ „დაინახე ყველაფერი“ კონკურსი 2017 წლის ბოლოს გამოაცხადა. გამარჯვებულები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსში 14 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა.
ნომინაციაში, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის საუკეთესო გამოცდილება - გამარჯვებულად ბოლნისის მუნიციპალიტეტი გახდა.
შშმ ბავშვების განვითარებისა და სოციალურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამები, ბავშებისა და მათი მშობლების აქტიური ჩართულობა - გამარჯვება ქუთაისისა და მესტიის მუნიციპალიტებმა მოიპოვეს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების ინოვაციური გადაწყვეტის საუკეთესო მაგალითად კი ხელვაჩაური დასახელდა.
კამპანია „დაინახე ყველაფერი“ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულების და ქცევის ნორმების შეცვლას და შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.