შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„სტარტაპ მეწარმის“ პროექტის ფარგლებში, ბაღდათის განვითარების ფონდმა ორი სტარტაპი დააფინანსა


 

 

„სტარტაპ მეწარმის" პროექტის ფარგლებში, ბაღდათის განვითარების ფონდმა ორი სტარტაპი დააფინანსა

ბაღდათის განვითარების ფონდის,სააქსელერაციო პროგრამის „სტარტაპ მეწარმის" დემო დღეზე გამარჯვებულები გამოავლინეს. პროგრამის ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპის ავტორებმა, საკუთარი იდეების პროტოტიპები საგანგებოდ შერჩეულ ჟიურის წარუდგინეს. ერთობლივი გადაწყვეტილებით გამარჯვება ორმა სტარტაპმა მოიპოვა. სტარტაპმა Male delivery-მ - 86 600, ხოლო WineGuard-მა 52 600 ლარის დაფინანსება მოიპოვა.

„სტარტაპ მეწარმე" ბაღდათის განვითარების ფონდის პროექტია, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა" და Future Laboratory-ს მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანია, დაეხმაროს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარი საქმიანობის წამოწყებასა თუ არსებული ბიზნესის განვითარებაში.

კახა გონგაძე, „ბაღდათის განვითარების ფონდის" გამგეობის წევრი: „სტარტაპ მეწარმე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. აქსელერაციის პროგრამა პირველად განვახროციელეთ და გვიხარია, რომ დიდი დაინტერესება გამოიწვია. შემოსული განაცხადებიდან შეირჩა 38, რომელთაგან 18 საუკეთესო გადავიდა პრეაქსელერაციის ეტაპზე, რაც, ექსპერტებთან ერთად, ბიზნესიდეების განვითარებაზე მუშაობას გულისხმობდა. დემო დღეზე კი უკვე 6 სტარტაპი გავიდა. მათ თავიანთი პროდუქტი ფართო აუდიტორიისა და ინვესტორების წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულმა 2-მა სტარტაპმა, Male Delivery-მა და WineGuard-მა, ჯამში 140 000 ლარამდე დაფინანსება მიიღეს."

Male Delivery საკურიერო კომპანიაა, რომელიც ბაღდათში იფუნქციონირებს და მოსახლეობას საჭირო ნივთებითა და პროდუქტებით უზრუნველყოფს. სტარტაპი პარტნიორობს აფთიაქებთან, კვების ობიექტებთან და ასევე ქსელურ მარკეტებთან. მსგავსი ტიპის საკურიერო მომსახურება ბაღდათში აქამდე არ ყოფილა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობას შეკვეთის მიცემა სატელეფონო ზარითაც შეეძლება.

მეორე გამარჯვებული სტარტაპი ქვევრის ჭკვიანი მინის თავსახურების მწარმოებელი WineGuard-ია. მათი ინოვაციური პროდუქტი გათვლილია იმ მეწარმეებზე, რომლებიც ღვინოს ქვევრში აყენებენ. WineGuard-ის მინის თავსახური არის ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც მობილური აპლიკაციით იმართება და თუ ქვევრში ვაკუუმი დაირღვევა და მასში ჰაერი შეაღწევს, მომხმარებელს შეტყობინება ეგზავნება. მას შეუძლია, მოწყობილობა დისტანციურად მართოს, ჰაერი ამოტუმბოს და ღვინო გაფუჭებისგან დაიცვას.

„სტარტაპ მეწარმე" ორ ძირითად ეტაპს მოიცავდა - განაცხადების შერჩევა და პრეაქსელერაციისსამკვირიანი პროგრამა, რა დროსაც სტარტაპები დაესწრნენ მენტორშიფის სესიებს და იმუშავეს იდეების ვალიდაციაზე, ტესტირებაზე, გუნდის ფორმირებასა დაბიზნესმოდელის ჩამოყალიბებაზე.

„სტარტაპ მეწარმის" აქსელერაციის პროგრამა წელს პირველად განხორციელდა და პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრული იყო: ტექნოლოგიური და სამეწარმეო პროექტები, მცირე ბიზნესის გაციფრულება და მდგრადი ბიზნესი. თუმცა, თუ მონაწილე სტარტაპი ჩამოთვლილ მიმართულებებს არ ერგებოდა, მაგრამ მიმართული იყო რეგიონის განვითარებისკენ, თავისუფლად შეეძლო განაცხადის შევსება.

--

„ბაღდათის განვითარების ფონდი" ქართველმა ბიზნესმენმა, თემურ კოხოძემ, შექმნა, რომელიც იმერეთის რეგიონში, ერთ-ერთი გამორჩეული ბალნეო-კლიმატური კურორტის „საირმის" მფლობელი და საავტომობილო სფეროში ლიდერი კომპანიის, „თეგეტა ჰოლდინგის", დამფუძნებელია.

 

 

 




06.01.2024
უკან დაბრუნება