საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ტინი კოქსს წერილით მიმართავს
24.10.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ტინი კოქსს წერილით მიმართავს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიება ასამბლეის სანდოობას აზიანებს.
საუბარია რეზოლუციაზე სახელწოდებით „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“. კერძოდ, რეზოლუციაში დაემატა პუნქტი, რომლითაც „ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ვლადიმირ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და ასევე მოუწოდებს პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის“.
პაპუაშვილი წერილში სააკაშვილის ბრალეულობაზე ვრცლად საუბრობს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა.