შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს
20.10.2022
უკან დაბრუნება
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია. პროცესი უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო დაცვის სამსახური. 107-ე აუდიტორიასთან შეკრებილი სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრების აშენებას და საბინაო სუბსიდიას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო შერჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და უკვე ულოცავდნენ ამ თანამდებობაზე დანიშვნას. პროფესორ კახაბერ ლორიას განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშიას არჩევას მხარი აკადემიური საბჭოს 28 წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 ბიულეტენი გაბათილდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების პროცესს დამკვირვებლები არ ესწრებოდნენ, მაგრამ კენჭისყრის პროცესი სრულად არის გადაღებული. თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა.