ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შეტაკებების შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი
30.08.2022
უკან დაბრუნება
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შეტაკებების შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ Al Jazeera წერს.
შეტაკებები ბაღდადში 29 აგვისტოს დაიწყო მას შემდეგ, რაც პოპულარულმა შიიტმა სასულიერო პირმა მუქთადა ას-სადრმა განაცხადა, რომ „გადაუჭრელი პოლიტიკური კრიზისის გამო“ პოლიტიკიდან მიდის.
ას-სადრის ასობით მხარდამჭერი შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში და ბაღდადის „მწვანე ზონაში“, სადაც სამთავრობო შენობები და უცხო ქვეყნის საელჩოები მდებარეობს. ამის საპასუხოდ ხელისუფლებამ ბაღდადში ჯარი შეიყვანა. 30 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა, ქვეყანაში კომენდანტის საათი დაწესდა.
საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის გაერომ, ევროკავშირმა და აშშ-მა მომხდარით შეშფოთება გამოხატა და მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მუქთადა ას-სადრმა ამავე მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.