უკრაინაში ომის 133-ე დღეა. გასული ღამის განმავლობაში საჰაერო განგაშის სიგნალი უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში ისმოდა. დაიბომბა ხარკივის ოლქი - არიან დაშავებულები, მათ შორის, ერთი ახალშობილია. განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები.
მძიმე ბრძოლები გრძელდება ლისიჩანსკის მიმდებარედ. რუსული ჯარების მთავარი სამიზნე ახლა დონეცკის ოლქია. 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა რუსეთის ჯარების მიერ ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად. საარტილერიო შეტევები განხორციელდა მიკოლაივის ოლქზეც - განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები, მათ შორის, ქალაქის ერთ-ერთ უბანში მდებარე კულტურის სახლი. რუსეთის ჯარებმა დაბომბეს დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებიც.