უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან სამხედროების ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს
13.05.2022
უკან დაბრუნება
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან სამხედროების ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საევაკუაციო გეგმის შემუშავება ხდება, რაშიც ჩართულია გაერო და წითელი ჯვარიც.
„დავიწყეთ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის სპეცოპერაციის საგზაო რუკის შესახებ. დავიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. არის წითელი ჯვარი, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ხვდებიან რუსებს. ასევე, მოვილაპარაკეთ გაერო-სთან. ჩვენ გვინდა დოკუმენტის გაფორმება, თუ როგორ მოხდება „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია და ვემზადებით ხელმოსაწერად. ამ რაუნდში შუამავალი არის თურქეთი“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.
„აზოვის“ პოლკის მებრძოლთა ოჯახებმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერილით მიმართეს და მოუწოდეს, გამოიჩინოს გმირობა და განახორციელოს ქარხანაში დარჩენილი ყველა მებრძოლის ევაკუაციის პროცედურის ინიცირება.