ალექსანდრე თევდორაძის განცხადებით, ქუთაისის წყალარინების პროექტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის სრულიად ცრუ ბრალდება
22.10.2021
უკან დაბრუნება
დღეს, გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისში, თითქოსდა წყალარინების პროექტის ჩაშლასთან დაკავშირებით, წყალმომარგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და გერმანული კონტარქტორი კომპანიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
ალექსანდრე თევდორაძის განცხადებით, ქუთაისის წყალარინების პროექტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის სრულიად ცრუ ბრალდება, რომელიც არ შეესაბამება რეალობას.
,,პროექტირება აქტიურ ფაზაშია, რომლის დასრულება 2022 წლის მაისში იგეგმება, რის შემდეგაც გამოცხადდება მშენებლობის ტენდერი. სამუშაოები მშენებელმა კომპანიამ 4 წელში უნდა დაასრულოს. სასესხო ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება, რომელიც ეხებოდა პირველ ტრანშ - ხელშეკრულებით 5 მილიონი ევროს ჩამორიცხვა უნდა მომხდარიყო. ჩვენ ინიცირება მოვახდინეთ და მოვითხოვეთ მილიონი ევროს ჩამორიცხვა. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წელს შესყიდვასთან დაკავშირებით დაკონტრაქტდა საპროექტო სამუშაოები, გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია “CDM Smith Europe GmbH “-თან. უკვე გაფორმებული ხელშეკრულება და დაწყებული საპროექტო სამუშაოები მოწმობს იმას, რომ პროცესი მიმდინარეობს. სასესხო ხელშეკრულება არის 100 მლნ ევროზე გაფორმებული და ძალაშია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასევე ხდებოდა წყალმომარაგების პროექტის მიმართულებით აპელირება, თუმცა, დღეს ქუთაისი 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.
მინდა დავარწმუნო ქუთაისის მოსახლეობა, რომ გაჟღერებულ ვადებში მათ ექნებათ წყალარინების ახალი სისტემა და ასევე მათთვის აშენდება წყალარინების თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობა.“ -განაცხადა ალექსანდრე თევდორაძემ.