კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
20.05.2021
უკან დაბრუნება
სააგენტო ეხმიანება რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა, რაც ტაძარში წყლის ინფილტრაციასა და ტენიანობის მაღალ დონეს უკავშირდება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან მომხდარზე არანაირი რეაგირება არ ხდება.
ვითარების ადგილზე გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ის მასა, რაც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე გუშინ, 18 მაისს, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის ასვლის და გადაადგილების შედეგი, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება.
ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტაძრის ინტერიერში რამდენიმე თვეა წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. არაუფლებამოსილი პირის ხარაჩოზე თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება.